პირველი სიმპტომები - დაიწყებს თუ არა მთავრობა ფარა-ს “სრულმასშტაბიან” აღსრულებას”?
“დასავლეთის რიტორიკა დაშინება არ არის, ეს უკვე გავიარეთ, ახლა პრაქტიკულ მოქმედებაზე გადავიდნენ” - იგორ კვესელავა
დანებება ან სიკვდილი - თეირანს კაპიტულაციას ურჩევენ, ბოლო ცნობები ალმოდებული ახლო აღმოსავლეთიდან
* * *
პირველი სიმპტომები - დაიწყებს თუ არა მთავრობა ფარა-ს “სრულმასშტაბიან” აღსრულებას”?
“გასულ წელს მიღებული “გამჭვრივალეობის კანონის” სიმკაცრეს მისი შეუსრულებლობა აკომპენსირებდა, ამიტომ გაჩნდა მოლოდინი, რომ წელს ამოქმედებული “ფარა”, რომელიც კიდევ უფრო მკაცრია, ასევე სრულად ან ნაწილობრივ იგნორირებული იქნებოდა მთავრობის მხრიდან. თუმცა ოთხშაბათს პირველი სიმპტომები უკვე გამოჩნდა, როცა რამდენიმე დიდმა და ხელისუფლების მიმართ გამოკვეთილად ოპოზიციურმა ენჯეომ განაცხადა, რომ ანტიკორუპციული ბიურო მათგან ბენეფიციარებზე ინფორმაციას ითხოვს. წავა თუ არა ბოლომდე მთავრობა ფარა-ს აღსრულებაზე, ჯერჯერობით უცნობია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. არადა, ყველასთვის ცხადია, თუ ფარა სრული დატვირთვით ამოქმედდა, შეიძლება დაჭერების არაერთი ტალღა ვიხილოთ, რაც ბევრის მიერ რეპრესიებად იქნება აღქმული, განსაკუთრებით დასავლეთის დემოკრატიებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პირველი სიმპტომები - დაიწყებს თუ არა მთავრობა ფარა-ს “სრულმასშტაბიან” აღსრულებას”? / “ვფიქრობ, პროცესი რაღაც ეტაპზე თვითდინებაზე იქნება მიშვებული - ხელისუფლება არასამთავრობოების მოქმედებას დაელოდება”.
“არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი შშმ პირების, პენსიონერების, ძალადობისა და წამების მსხვერპლთა, მოსწავლე-მასწავლებლების და ა.შ. პირად მონაცემებს, მათ შორის პირად ნომრებს, ფოტოსურათებსა და საბანკო ინფორმაციას. რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია და ჯერჯერობით უცნობია, რაში სჭირდება კონკრეტულად აღნიშნულ პირთა პირადი მონაცემები. უნდა აღინიშნოს, რომ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” 31 მაისს ამოქმედდა, ე.წ. ფარა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს ეხება, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. მის აღსრულებას ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები ახლავს თან, რომლის მიხედვით, კანონის დარღვევა დაისჯება ჯარიმით 5-დან 10 000 დოლარამდე ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. აღსანიშნავია, რომ “გამჭვირვალობის კანონი”, რომელიც გასულ წელს მიიღეს, არ სრულდებოდა და მთავრობა ამ მხრივ რაიმე ძალისხმევას არ სწევდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვფიქრობ, რომ პროცესი რაღაც ეტაპზე თვითდინებაზე იქნება მიშვებული - ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებას დაელოდება, ასევე მოსინჯავს ნიადაგს, რა რეაქციები შეიძლება იყოს კოლექტიური დასავლეთიდან და ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელსაც არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კითხვაზე, რაში შეიძლება სჭირდებოდეს ანტიკორუფციულ ბიუროს ამ პირთა პირადი მონაცემები, ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ სავარაუდოდ სჭირდებათ იმისთვის, რათა “განსაზღვრონ კონკრეტულად ვის და რა ტიპის მომსახურებას უწევენ ეს ორგანიზაციები. იგი თვლის, რომ ხელისუფლება ამჯერად დიდი ალბათობით ფარა-ს აღსრულებას დაიწყებს, რადგან გაჩნდება კითხვები, რისთვის მიიღო კიდევ ერთი კანონი, თუკი ამასაც არ აღასრულებდა წინა კანონის მსგავსად. ამბობს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება პროცესი თვითდინებაზე იყოს მიშვებული”, - განაგრძობს გამოცემა.
“წინა კანონი რომ არ მოქმედებდა, მაშინ ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული მიზეზები, რომ არ ამოექმედებინა. როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ არჩევნებამდე კანონის ამოქმედება მიზანშეწონილი არ იქნებოდა. ახლა არ მგონია, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, რადგან თუ უკან კიდევ ერთხელ დაიხია, მაშინ ბუნებრივია კითხვა გაჩნდება - რისთვის მიიღო ეს კანონი, თუკი მას ვერ, ან არ აღასრულებდა? ასეთ ნაბიჯებს მე ხელისუფლებისგან არ ველოდები. რაც შეეხება სამართლებრივ ბრძოლას, მათ შეუძლიათ შეიტანონ სარჩელი უზენაეს, ან საკონსტიტუციო სასამართლოში და ხელახლა დაიწყონ ის პროცესი, რაც ერთხელ უკვე გაიარეს და დამაჯერებლად ვერ დაამტკიცეს თავიანთი სიმართლე. ვფიქრობ ისინი ახლა კონფრონტაციაზე მიდიან ხელისუფლებასთან იმ იმედით, რომ ხელისუფლება ამდენ არასამთავრობო ორგანიზაციას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებს და ფიქრობენ, რომ ამით შეეცდებიან, ხელისუფლება აიძულონ, რაღაცნაირად უკან დაიხიოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რა პერსპექტივები იკვეთება იგივე აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებში. ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, მომგებიანი არ იქნება, რომ ეს ურთერთობები კიდევ უფრო დაიძაბოს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ პროცესი რაღაც ეტაპზე თვითდინებაზე იქნება მიშვებული - ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებებს დაელოდება, ასევე მოსინჯავს ნიადაგს, რა რეაქციები შეიძლება იყოს კოლექტიური დასავლეთიდან და ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. ნამდვილად არ ველოდები, ხელისუფლებამ ახლა უკვე აღარ დაიხევს, ახლა სხვა მოცემულობაა. გარდა ამისა, საზოგადოების თვალში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა უფრო დისკრედიტირებულია, ხელისუფლების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ეს ორგანიზაციები აქ ფერადი რევოლუციის მოწყობის ერთ-ერთი რესურსია. ვინაიდან საზოგადოებაში რევოლუციური განწყობები არაა, მათ მიმართ დამოკიდებულებაც შესაბამისია, საპროტესტო აქცია რომც მოაწყონ, არ მგონია, რომ დიდი რაიდენობის კრიტიკული მასის შეკრება შეძლონ”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონის აღსრულება 17 ივნისს სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. “17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური, რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო, ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების - წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას... არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს...” - ნათქვამია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მიაწვდიან”, - დასძენს გამოცემა.
“საინტერესო არის ის, რომ ივანიშვილმა, ამ ჯერზე, სამიზნეში ამოიღო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი 5 ქალი. ივანიშვილი ებრძვის აქტიურ ქალებს ამ ქვეყანაში, რომლებიც იცავენ საქართველოს ინტერესებს და იცავენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ივანიშვილს არ მივაწვდით. ივანიშვილის მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანები დაუცველები დარჩნენ უსამართლობის პირისპირ, მარტო, ჩვენ ამას არ დავუშვებთ...” - განაცხადა გიგაურმა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის განცხადებით, მათაც მიიღეს შეტყობინება, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები გადასცენ. “ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ. არ ვაპირებთ, რომ რუსულ კანონებს დავემორჩილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ამ ქვეყნის თავისუფლება, სწორედ ჩვენი თაობის დასაცავია.”, - განაცხადა ნინო ევგენიძემ, რომლის თქმით “ამიტომ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება ამ გზაზე გვემუქრებოდეს”, - წერს სტატიის ავტორი.
“დასავლეთის რიტორიკა დაშინება არ არის, ეს უკვე გავიარეთ, ახლა პრაქტიკულ მოქმედებაზე გადავიდნენ” - იგორ კვესელავა
“პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ საუბარი, თითქოს ამერიკისა და ევროპის სანქციები მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას დააზიანებს და არა ხალხს, გამართლებული არ არის, რადგან ნებისმიერ შემთხევაში ის უბრალო ადამიანებზეც ნეგატიურად აისახება. ამიტომ, ის კურსი, რასაც “ოცნების” მთავრობა დასავლეთის მიმართ ატარებს, მისი აზრით, კონტრპროდუქტიულია. “ალბათ ვიღაცას დაებადება კითხვა, რა მოხდა თუ აშშ-მ და ევროპამ სანქციები გაამკაცრეს? ეს საქართველოს ხომ არ შეეხება, რა მოხდა მერე, იყოს ასე? სწორედაც რომ ქართველ ხალხს შეეხება და არა “ქართულ ოცნებას”, - განაცხადა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ, რომელსაც გამოცემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “დასავლეთის რიტორიკა დაშინება არ არის, ეს უკვე გავიარეთ, ახლა პრაქტიკულ მოქმედებაზე გადავიდნენ” - იგორ კვესელავა.
“სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ამერიკისა და ევროპის მხრიდან განაპირობა ბოლო წლებში განხორციელებულმა პოლიტიკურმა ხაზმა. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ როცა განცხადებას აკეთებ, ეს უბრალო ადამიანის მხრიდან არ არის და დაფიქრებულად უნდა ისაუბრო. რასაც ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, ქართველ ხალხს არ ეხება. ეს მხოლოდ “ქართულ ოცნების” წინააღმდეგ კეთდება. დავუშვათ, ახლა გამოჩნდა ხელისუფლებაში ერთი რაინდი და თქვა, ჩვენ ვამთავრებთ მოღვაწეობას, აი, თქვენ ბურთი და მოედანი, გააკეთეთ ჩვენზე უკეთესად საქმეო, მაშინ უცხოელების დამოკიდებულებაც სწრაფადვე შეიცვლება. ასევე ისიც უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლების მიერ “დიპ სტეიტის” ძახილი არასწორად მიმაჩნია. ეს არანაირად გამართლებული არაა. უცხოელებთან ურთიერთობაში გართულებები კიდევ იქიდან გამომდინარეობს, რომ 2-3 წლის წინ, ანუ იქამდე, სანამ ბატონმა თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა, ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვქონდა ყველა ქვეყანასთან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას იგორ კვესელავა.
“საქართველო ეკონომიკურად, დიპლომატიურად, სხვა პარამეტრებით არ არის მომზადებული, რომ დღეს ვინმეს შეებრძოლოს, ან ვინმეს რამე უკარნახოს. შეიძლება აზერბაიჯანმა უკარნახოს თავისი უზარმაზარი პოტენციალით, მაგრამ საქართველოს არ შეუძლია. დამისახლეთ ერთი ან რამდენიმე რამე, რითიც თავს გამოიჩენენ? მით უმეტეს, რომ დიდ ქვეყნებთან ოდნავ მიახლოების საშუალებაც აღარ გვაქვს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ამერიკისადმი და ევროპისადმი კრიტიკის პოლიტიკა არის შეცდომა. ხოლო ის, რასაც ამზადებენ ევროპა და აშშ პრაქტიკაში აუცილებლად განხორციელდება. უფრო მეტს გეტყვით, იმას, რასაც ახლა ევროპა ამზადებს, საქართველოს მაგალითზე აკეთებს. თუმცა მარტო საქართველო რომ არ იყოს, შეიძლება სხვა სახელმწიფოებზეც გავრცელდეს. თუმცაღა უშუალოდ საქართველოს მიმართ გავრცელდება. ეს დაშინება არ არის, ეს პროცესი უკვე გავიარეთ და ახლა პრაქტიკულ მოქმედებებზე გადავიდნენ”, - ამტკიცებს რესპონდენტი.
“ალბათ ვინმეს დაებადება კითხვა, მერე რა მოხდა? იყოს ასე. ეს რას უზამს საქართველოს? ერთი მხრივ, ეს საქართველოს აზარალებს და არა ხელისუფლებას. “ოცნება” ისევ იქნება, გააგრძელებს თავის კურსს და ვერაფერს უზამს. შიდა ომი და უბედურებები ხომ არ ატყდება, რისი მომსწრეებიც ვიყავით ადრე? ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ჩვენ ვრჩებით. ამიტომ ხალხისთვის ეს პრობლემა მისაღები არ არის, თორემ მაგათ არაფერი ადარდებთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველოში პრობლემები მოგვარდეს და ის უამრავი ემიგრანტი, ვინც ქვეყანა დატოვა, დაბრუნდეს. ამიტომ აშშ-ის გეგმა თუ ემსახურება იმას, რომ ჩვენთან ეს ვითარება აღარ იქნება და ეკონომიკა გაძლიერდება, მაშინ მივესალმები. თუმცა თუ ეს ქაღალდზე დარჩება, მაშინ ჩვენ ხელისუფლებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ ხალხზე, თუ რას უზამს ეს ყველაფერი მათ. ბიძინას ან სხვებს თუ რაღას შეუზღუდავენ, ეს მთავარი არ არის. ქართველ ხალხზე როგორ იმოქმედებს, ესაა საკითხავი”, - დასძენს იგორ კვესელავა.
დანებება ან სიკვდილი-თეირანს კაპიტულაციას ურჩევენ, ბოლო ცნობები ალმოდებული ახლოაღმოსავლეთიდან
“ბრძოლა ახლა იწყება” - ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი უარყოფს ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ კაპიტულაციის მოთხოვნას და, მიუხედავად იმისა, რომ თეირანის ცაზე მტრის მოიერიშეები თავისუფლად დაფრინავენ, თელ-ავივს “მკაცრ პასუხს” ჰპირდება. პარალელურად ვაშინგტონში, ტრამპის თანამოაზრეებში რესპუბლიკური პარტიიდან გაცხოველებული კამათია იმაზე, უნდა ჩაებას თუ არა ამერიკა ომში ღიად. უკვე ინტერვენციის კონკრეტული სცენარებიც განიხილება. ამერიკა რეგიონისკენ სამ, ბრიტანეთი კი ერთ ავიამზიდს აგზავნის. ევროკავშირი ღიად ერთვება ისრაელის მხარეს, ოღონდ, ტრადიციულად, მხოლოდ რიტორიკის დონეზე. კაია კალასმა თქვა, ისრაელს თავის დაცვა უნდა შეეძლოსო. ანალოგიური განცხადებები გააკეთეს გერმანიის კანცლერმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა. თუმცა ბევრმა ისრაელს გამოუცხადა მხარდაჭერა, მათ შორის მისმა რეგიონულმა კონკურენტებმა - პაკისტანმა და თურქეთმა. ღიად დაგმო ირანზე თავდასხმა ჩინეთის ხელმძღვანელობამ. საკუთრივ ირანში რა ხდება, ამაზე მწირი ცნობები ვრცელდება, ამ ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე. თუმცა ნათელია, რომ ბოლოდროინდელმა ამბებმა სიტუაცია არია და ანტისამთავრობო ძალებს ერთგვარი სტიმული მისცა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დანებება ან სიკვდილი-თეირანს კაპიტულაციას ურჩევენ, ბოლო ცნობები ალმოდებული ახლო აღმოსავლეთიდან.
“ისლამური რესპუბლიკა დასასრულს უახლოვდება და იშლება. რაც დაიწყო, შეუქცევადია. მომავალი ნათელია და ერთად ჩვენ ისტორიის გვერდს გადავფურცლავთ. ახლა დროა ავდგეთ; დროა დავიბრუნოთ ირანი. მინდა მალე თქვენთან ვიყო”, - წერს იქს-ზე დამხობილი შაჰის მემკვიდრე რეზა ფეხლევი. ირანს მოლაპარაკება სურს, თუმცა აცხადებს, რომ “არასოდეს დანებდება”, თავის მხრივ ისრაელი გამანადგურებელ იერიშებს არ წყვეტს. ქვეყნის თავდაცვის ძალების განცხადებით, განადგურებულია ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმაზე ბრძანების გაცემას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის ვადა უკვე ამოწურულია. “ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ. და ვეუბნები, აქამდე რატომ არ მელაპარაკებოდნენ... რატომ არ მელაპარაკებოდით ორი კვირის წინ?” განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, “ისრაელმა მას შემდეგ განახორციელა თეირანის წინააღმდეგ დარტყმები, რაც ირანისთვის მოლაპარაკებებში ჩასართველად მიცემული 2-თვიანი ვადა ამოწურა” და ყველაფერი ისრაელის დარტყმების “პირველ დღეს დასრულდა”. მისი აზრით, ირანი ახლა “სრულიად დაუცველია, საერთოდ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გუშინ ველაპარაკე პუტინს. მედიაცია შემომთავაზა ისრაელ-ირანზე და ვუთხარი: ჯერ საკუთარ თავს უშუამავლე, მოდი, ჯერ რუსეთის მედიაცია მოვახდინოთ, კარგი?.. ამაზე მერე იღელვე”, - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დარტყმების დაწყების შემდეგ მას ირანული მხარი დაუკავშირდა და თეთრ სახლში ჩასვლაც შესთავაზეს, რაზეც მან უპასუხა, რომ „ძალიან გვიანია საუბრისთვის" და მას ახლა ირანის “უპირობო დანებება” სურს. “40 წელია ისინი ამბობენ - “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს”, სიკვდილი ყველა სხვას, ვინც მათ არ მოსწონთ. მჩაგვრელები იყვნენ, სკოლის მჩაგვრელები და ახლა მჩაგვრელები აღარ არიან და ვნახავთ რა მოხდება”, - განაცხადა ტრამპმა. კითხვაზე, თუ როდის ამოიწურება მისი მოთმინება ირანის მიმართ, ტრამპმა უპასუხა: “ის უკვე ამოიწურა - სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ”. ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ესაუბრებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და შეაქო თავისი კოლეგა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ცნობისთვის, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უპირობო კაპიტულაციის შესახებ მოთხოვნა უარყო. 86 წლის ირანის სულიერმა ლიდერმა თქვა, რომ ამერიკელებმა “უნდა იცოდნენ, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდაოდ თან ახლავს გამოუსწორებელ ზიანს”. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლა ახლა იწყება. ღირსეული ჰაიდარის სახელით ბრძოლა იწყება...მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ ტერორისტულ სიონისტურ რეჟიმს. სიონისტების მიმართ მოწყალებას არ გამოვიჩენთ”, - წერს ხამენეი. ჩანს, რომ ტრამპი ომის სწრაფ დიპლომატიურ დასრულებაზე უკვე აღარ ფიქრობს, სამშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში მან ხამენეის მოკვლაზეც კი ისაუბრა, შემდეგ კი ირანის “უპირობო დანებება” მოითხოვა... “როიტერსთან” წყაროები იმასაც ამბობენ, რომ ტრამპი და მისი გუნდი განიხილავდნენ ვარიანტებს, მათ შორის ისრაელთან გაერთიანებას, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების დაწყების მიზნით”, - დასძენს გამოცემა.
“გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანის ლიდერებს მოუწოდა, მიეცათ სანდო გარანტიები, რომ ისინი არ ესწრაფვიან ბირთვულ იარაღს და გამოეხატათ მზადყოფნა მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მოსაძებნად. ტრამპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ურთიერთსაწინააღმდეგო პოსტებმა გაურკვევლობა შექმნა მის განზრახვებთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯერჯერობით მხოლოდ ირიბად იმოქმედა, მათ შორის ისრაელისკენ გაშვებული რაკეტების ჩამოგდებაში დაეხმარა. თუმცაღა, ვაშინგტონს აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რაც ისრაელს აკლია, მათ შორის მასიური ბომბები, რომლებსაც შეუძლიათ ირანის ბირთვული გამდიდრების ქარხნის განადგურება, რომელიც ფორდოუს მთის სიღრმეშია აშენებული... ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, მათმა 50-მა თვითმფრინავმა ღამით თეირანში 20 სამიზნე დაბომბა, მათ შორის ნედლეულის და რაკეტების სისტემების წარმოების ობიექტები. სამხედროებმა ირანელებს ურჩიეს, უსაფრთხოების მიზნით დედაქალაქის გარკვეული ნაწილი დაეტოვებინათ, ვიდრე სამიზნეებს დაბომბავდნენ”, - წერს სტატიის ავტორი.
“მას შემდეგ, რაც ტრამპმა დროზე ადრე დატოვა დიდი შვიდეულის სამიტი და სამშაბათს ვაშინგტონში უსაფრთხოების წარმომადგენლებს შეხვდა, ფსონები გაიზარდა. როგორც სამშაბათს ჟენევაში, გაეროში მისმა ელჩმა ალი ბაჰრეინიმ აღნიშნა, ირანმა ვაშინგტონს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერ პირდაპირი მონაწილეობისთვის მკაცრად და შეუზღუდავად უპასუხებდა. თუ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება, თეირანს საპასუხო რეაგირება ექნება. ირანელების სამიზნე, შესაძლოა, ერაყსა და არაბულ ქვეყნებში განთავსებული ამერიკული ბაზები გახდეს. გარდა ამისა, ირანმა, შესაძლოა, ორმუზის სრუტის დანაღმვაც დაიწყოს. თეირანი წარსულში სრუტის დახურვითაც იმუქრებოდა, მაგრამ ეს არასდროს შესრულებია”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ირანის ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, ეჰსან ხანდუზიმ, იქს-ზე დაწერა, რომ ირანმა უნდა დაიწყოს სრუტეში ტანკერების ტრანზიტისთვის ნებართვის მოთხოვნა, რაც, მისი თქმით, “გადამწყვეტი” ნაბიჯი იქნება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწრაფად განხორციელდება. ისრაელის დარტყმების შედეგად ხამენეის ახლო წრე თანდათან ვიწროვდება, რაც ზრდის რისკს, რომ მან შეიძლება სტრატეგიული შეცდომები დაუშვას, - განაცხადა როიტერსთან მისი გარემოცვის წევრებმა ანონიმურობის მოთხოვნით. ამასთან, ღაზას ოპერაციის დროს ისრაელმა მძიმე დარტყმები მიაყენა ირანის რეგიონულ მოკავშირეებს, ჰამასსა და ჰეზბოლას, რამაც შეზღუდა ირანის შესაძლებლობა, საპასუხო ზომები მიეღო. სირიის ლიდერი, ბაშარ ალ-ასადი კი, რომელსაც ირანი 13 წლის განმავლობაში უჭერდა მხარს, გასულ წელს ჩამოაგდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.